ნიდერლანდებში ღამის საათებში ბანკომატებს გამორთავენ

ნიდერლანდების ქუჩის ბანკომატებს ღამის საათებში გამორთავენ, რათა ქურდობის პრევენცია მოხდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ ბანკების ასოციაციასთან შეთანხმებით მიიღო.

ბანკების ასოციაციის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შედის დაუყოვნებლივ.

„ყველა ბანკომატი გაითიშება ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს ბანკომატებიდან თანხის მოპარვის რისკებს და შეამცირებს ქურდების შანსებს“, - აცხადებენ ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, ნიდერლანდებში ბანკომატით განხორციელებული ოპერაციების მხოლოდ 2% მოდის ღამის საათებზე, ამიტომ მას რაიმე ტიპის ნეგატიური ეფექტი არ მოყვება, თუმცა ცალკეულ ადამიანებს მცირე უხერხულობას შეუქმნის.

ამას გარდა, ქვეყანაში იგეგმება რამდენიმე ბანკომატის სრულად დახურვაც, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ბანკომატები ჩამონტაჟებულია საცხოვრებელ კორპუსებში. როგორც ირკვევა, ასეთ ბანკომატებს ხშირად აფეთქებენ გატეხვის მიზნით, ეს კი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. შესაბამისად, ახალი ბანკომატების განთავსება საცხოვრებელი კორპუსების მოშორებით არის დაგეგმილი.

კოკა კვირკველია