Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების წარმოებას აჩერებს

კომპანია Boeing-ი 2020 წლის იანვრიდან Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების წარმოების შეწყვეტას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანია აპირებს ამ მოდელების წარმოების შეწყვეტას და ყურადღების კონცენტრირებას უკვე წარმოებული ამ სერიის 400 თვითმფრინავის მიწოდებაზე, რომლებიც რეზერვში აქვს. Boeing-ში არ აზუსტებენ, რომ ჯერ არ გეგმავენ თანამშრომლების მასიურ დათხოვნას ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ის რომ, კომპანია ამ მოდელის წარმოების შეწყვეტას გეგმავდა, The Wall Street Journal-იც წერდა. გაზეთის ინფორმაციით, კომპანია ყოველთვიურად ამ ტიპის 40 ერთეულ თვითმფრინავს აწარმოებდა.

როგორც ცნობილია, Boeing 737 MAX-ის თვითმფრინავების ექსპლუატაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მიმდინარე წლის 10 მარტს ავიაკატასტროფა განიცადა Ethiopian Airlines-ის კუთვნილმა ხომალდმა, რომლის შედეგად დაიღუპა 159 მგზავრი. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ინდონეზიურმა Lion Air-ის კუთვნილმა MAX-მა განიცადა კატასტროფა, რომელსაც 189 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორივე შემთხვევაში კომპანიამ აღიარა, რომ ამის მიზეზი იყო მანევრირების გაუმჯობესების სისტემის (Maneuvering Characteristics Augmentation System, MCAS) მწყობრიდან გამოსვლა. ამის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული ავიალაინერებით ფრენების განხორციელება შეწყდა.

კოკა კვირკველია