2019 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 992,6 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა). ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის 1-ელ 11 თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით) შეადგინა.
„მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, თუმცა, სექტემბრიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა 327,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.
ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ნოემბერში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.
ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა - 297,6 ათასი ტონა განხორციელდა რუსეთიდან, რაც მთელი იმპორტის 30%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი - 111,1 ათასი ტონა (11,2%); ბულგარეთი - 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვა,“-აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.