ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ღია ბანკინგის თემაზე შეხვედრას უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა ღია ბანკინგის თემაზე სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელშიც კომერციული ბანკების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

“შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში ღია ბანკინგის ინიციატივის დანერგვისთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და აღნიშნული მიმართულებით სამომავლო გეგმების დასახვა იყო. საბანკო სფეროს წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ღია ბანკინგის მნიშვნელობა და საჭიროება ბაზრის მოთხოვნების და ევრო რეგულაციების ფარგლებში, ღია აპლიკაციის ინტერფეისის სხვადასხვა სტანდარტები, ასევე, ღია ბანკინგის დანერგვისთვის საჭირო ნაბიჯები გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის ქვეყნებისა და ავსტრალიის მაგალითზე.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად სემინარს მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სხვადასხვა ქვეყანაში ღია ბანკინგის დანერგვის პროცესში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგის საკითხზე შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, საქართველოს ეროვნული ბანკის ინიცირებით, დაიგეგმა საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა,”-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ღია ბანკინგი - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ღია ბანკინგს დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. ღია ბანკინგი ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და მონაცემებზე დაფუძნებულ ფინტეკ ბიზნესს მოდელების განვითარების საფუძველია.