KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი პირველ მოადგილესთან, გიორგი ამაშუკელთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო "აჭარის წყლის" "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" ინტეგრირების საკითხს.

დავით შავლიაშვილის თქმით, მიმდინარე პროცესი, KFW-ს ფინანსური მხარდაჭერით აჭარაში წყალმომარაგების მიმართულებით მიმდინარე პროექტებს ხელს არ შეუშლის. პირიქით, მოხდება მათი გამოცდილების გაზიარება და ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაიწყება კადრების გადამზადების პროცესი.

შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო ქუთაისში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოებს.

KFW-ს წარმომადგენლებმა, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი ხედვა გააცნეს და რამდენიმე რეკომენდაციაც მისცეს. მათივე შეფასებით, საქართველოში ეს მიმართულება სწრაფად და პროგრესულად ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ KFW უახლოეს პერიოდში ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დასაწყებად ტერიტორიის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლას სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში განახორციელებს.

მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა შედგება გერმანიაში, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.