ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების მიზეზებად სებ-ის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას და მოლოდინების გაუმჯობესებას ასახელებს.
"ეროვნულმა ბანკმა სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენა, სავალუტო რეზერვების ინტერვენციები განვახორციელეთ, ასევე უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნები შემცირდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი; ანუ გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა. ვფიქრობთ, რომ მოლოდინებიც გაუმჯობესდა, რაც მოკლევადიან პერიოდში დიდ როლს თამაშობს კურსის ფორმირებაში. მოგეხსენებათ, რომ გამოქვეყნდა ინფორმაცია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, რომელიც დადებითი იყო. ვფიქრობ, ამ სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს კურსის მოძრაობას", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან ლარის კურსზე საუბრისას.
რაც შეეხება დღეს ლარის მცირედ გაუფასურებას, გვენეტაძის თქმით, შეუძლებელია კურსის ერთი დღის მოძრაობაზე კომენტარის გაკეთება.