ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გახდეს

ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი გახდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კერძოდ, მათი ცნობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები საკონკურსო ვადების დაცვით - ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთი წევრი 2019 წლის 29 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N5205-ის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 დღეში საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 7 ნოემბრის #2312 განკარგულების თანახმად, 2019 წლის 7 ნოემბრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე,“-აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა საპარალამენტო მანდატის დატოვებაზე მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა. ქუცნაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით გამართული ასამბლეის ფარგლებში რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა.

თაია არდოტელი