მთავრობის გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის მონაწილე არცერთი კანდიდატი არ განიხილება, შესაბამისად, არცერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება. ამის შესახებ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა.
შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კონკურსის მონაწილე არცერთი კანდიდატი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არ განიხილება, შესაბამისად, არცერთი მათგანი საქართველოს პრეზიდენტს არ წარედგინება“, - ნათქვამია განცხადებაში.