„საქართველოში კრიპტოვალუტის მასიური მოპოვება შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი გახდეს“

საქართველოში კრიპტოვალუტის მასიური მოპოვება შესაძლოა, ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი გახდეს - ამის შესახებ ელექტროენერგიის მოხმარებისა და კრიპტოვალუტების ფასის დინამიკის ანალიზში „მაინინგთან“ დაკავშირებული რისკების ნაწილშია აღნიშნული. აღსანიშნავია, რომ მასალა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაშია დამუშავებული.

„როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის მოპოვება - ე.წ „მაინინგი“ გაგრილების სისტემის ჩათვლით მნიშვნელოვან ელექტროენერგიას მოიხმარს. ამდენად, მასიური მაინინგი, შესაძლოა, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების ზრდის და ელექტროენერგიის დეფიციტის მიზეზი გახდეს.

აღნიშნული რისკ-ფაქტორი დიდი ქვეყნებისთვის ჯერჯერობით არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან კრიპტოვალუტების მოპოვებაზე მოხმარებული ენერგია საკმაოდ მცირე წილით არის წარმოდგენილი მთლიან მოხმარებაში. რაც შეეხება საქართველოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ აფხაზეთში დიდი რაოდენობით მომპოვებელი სისტემების განთავსების რისკი არსებობს (რისი მიზეზიც რეგულაციის არარსებობა და ენგურჰესის ძალიან იაფი ელექტრორესურსის ხელმისაწვდომობაა), გარკვეული რისკები იკვეთება.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბიტკოინის მოპოვების მიზნებისთვის ფიქსირდება ელექტროენერგიის დატაცების ფაქტები. აღნიშნული, ასევე, უარყოფითად აისახება სისტემაზე და ზრდის დანაკარგების მაჩვენებელს.

მოთხოვნილი სიმძლავრეები, ძირითადად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებიდან არის, რაც ქსელის განვითარებასა და განხორციელებულ ინვესტიციებს კონცენტრირებულს ხდის. მომავალში მოთხოვნის მოულოდნელი გაქრობის შემთხვევაში (რაც მსგავსი ტიპის მოთხოვნას ხშირად ახასიათებს), კონცენტრირებული ქსელი, (შესაბამისად გაწეული ინვესტიცია) შესაძლოა, უფუნქციოდ დარჩეს. გარდა ქსელის კომპონენტისა, ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განხორციელებული ინვესტიციები სამომხმარებლო ტარიფზე ახდენს ზეწოლას, ვინაიდან ელექტროენერგიაზე დამატებითი მოთხოვნა იწვევს ძვირადღირებული ელექტროენერგიის იმპორტის ზრდას, რაც ავტომატურად იწვევს განაწილების ლიცენზიანტების მიერ შესყიდული ელექტროენერგიის საშუალო ფასის ზრდას,“-აღნიშნულია მასალაში.

თაია არდოტელი