დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები ამოქმედდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობას სასურველი პროდუქციის შეძენა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შეეძლება.
„დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით, გამგეობებს გამოყოფილი აქვთ კონკრეტული ადგილები, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ. ძალიან ბევრი ადამიანი, ოჯახი ჩამოდის რეგიონებიდან, ვისაც თავისი ნაწარმოები პროდუქცია ჩამოაქვს. მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ამ კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც არის სისუფთავე, მივიდნენ და მათთვის სასურველი პროდუქცია შეიძინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მასშტაბით, საახალწლო ბაზრობები შემდეგ ლოკაციებზე ამოქმედდება: ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ მეველეს ქუჩაზე; ვაზისუბანში, პირველი მ/რ, მე-12 კორპუსის მიმდებარედ; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიზე; ვერის ბაღის შესასვლელთან; მეტროსადგურების - „დელისისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზე; სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზღვის უბანში, ანაპის 414-ე დივიზიისა და ურეკის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში; მეტროსადგურ „ღრმაღელეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე; გლდანში, მარატ ნოზაძის ქუჩის დასაწყისში; დიდუბეში - ბორის პაიჭაძის N1-თან; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ, ჯავახეთის ქუჩაზე „თიბისი ბანკთან“ და ყვავილების ბაზრობასთან; კალაუბნის ქუჩაზე ა/ბ კორპუსის მოპირდაპირედ.