ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭო არ შეეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის სურვილს, რომ თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ მინისტრმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, მინისტრი შემდეგნაირად პასუხობს: „ლევან სურგულაძემ ნათლად განაცხადა, რომ აქვს განსხვავებული გეგმები. ასეთია მისი სურვილი და ჩვენ არ შევეწინააღმდეგებით ამ სურვილს და მივიღებთ მის გადადგომას. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა საპენსიო რეფორმის წარმატებით დასაწყებად. რეფორმის პირველი ეტაპი პრაქტიკულად დასრულია და გადავდივართ ახალ ეტაპზე, რაც გულისხმობს საინვესტიციო პოლიტიკას,"-აცხადებს გურნავა.

რაც შეეხება კითხვას, ვინ შეცვლის სურგულაძეს საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტზე, მინისტრის თქმით, გამოცხადდება კონკურსი და შემდეგ შეასაბამისი პროცედურებით დაინიშნება ახალი დირექტორი. მისივე თქმით, ეს არ აისახება რეფორმის წარმატებაზე.

შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს, სადაც ფინანსთა, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები შედიან, განცხადებით მიმართა. სურგულაძის თქმით, თუ საბჭო საჭიროდ ჩათვლიდა მის თანამდებობაზე დარჩენას, ის თანახმა იყო ამაზე.