კახა კალაძის განცხადებით, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კონკრეტული პროექტი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის გლდანში ორი ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მხედველობაში მაქვს ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების პროექტები. იცით, რომ აქ პირველი ეტაპი, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია და დამთავრებულია სამუშაოები. მე დავპირდი საზოგადოებას, რომ ქვედა ფენებში დეკემბრის ბოლოსთვის დამთავრებული იქნებოდა სამუშაოები და რა თქმა უნდა, ეს ასეც მოხდა. რამდენიმე დღეში უკვე მოძრაობა მთლიანად, თავისუფლად იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ ქუჩებზე ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია, თუმცა გაგრძელდება სხვა სამუშაოები.

„აქ ხაზი მინდა გავუსვა, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ჰგონიათ, რომ პროექტი დასრულებულია და სამუშაოები დამთავრებულია, ანალოგიური იყო ჭავჭავაძის გამზირზე: როდესაც ვთქვით, რომ დროებით ვწყვეტთ სამუშაოებს საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, ბევრს ეგონა, რომ სამუშაოები დამთავრებულია და - ეს როგორი გზა არის, მიტოვებულია სამუშაოებიო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ეს მიდგომა და დამოკიდებულება და ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული იმის გამო, რომ რადგან ახალი წლების დღეებია, ბევრი ადამიანი სარგებლობს ავტომობილით და ქალაქში კოლაფსი რომ არ გამოგვეწვია, ვთქვით, რომ დროებით ვაჩერებთ სამუშაოებს და 8 იანვრიდან განახლდება. იგივე მიდგომა და დამოკიდებულება გვაქვს გლდანთან დაკავშირებით, ქვედა ფენებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობილია, პარალელურად გაგრძელდება ბორდიურების მოწყობითი სამუშაოები, ასევე ტროტუარების მოწესრიგება, რომ ქვეითებმა ყველანაირი პრობლემისა და დაბრკოლების გარეშე შეძლონ გადაადგილება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ველობილიკები, სპეციალური ზოლები ავტობუსებისთვის, ასევე შეიცვლება გარე განათების ბოძები, ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვემოთ ჩატანა მოხდება და ესეც ვეკუა-ხიზანიშვილის ერთ-ერთი ულამაზესი პროექტი იქნება, როდესაც დამთავრდება სამუშაოები. ამ სამუშაოების განხორციელება დაახლოებით 13 მილიონი ლარი ჯდება“, - აღნიშნა კალაძემ.