"კაპიტალის ბაზრის სამომავლო წარმატებაში დიდ როლს გამჭვირვალობის ხარისხი ითამაშებს"

17 დეკემბერს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო" სამ საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულ კომპანიას წელს პირველად გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულმა ფონდმა (RSF) „ევროკავშირისა“ და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ხელშეწყობით დააწესა.

ეროვნული ბანკის ცნობით, აღნიშნული ჯილდო მიზნად ისახავს კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისებასა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლებას ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა. მან თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა კაპიტალის ბაზრის, როგორც ფინანსური სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების საფეხურზეა:

„მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის მცირე მასშტაბი ჯერ კიდევ მთავარ გამოწვევად რჩება, ბოლო წლებში შესამჩნევია სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ადგილობრივი სახაზინო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა დაახლოებით 14-ჯერ გაიზარდა, რაც, შესაბამისად, წლიურ 31% და 69%-იან ზრდას წარმოადგენს. მსურს აღვნიშნო, რომ ზრდის ამგვარი ტენდენცია მეტწილად ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ნაბიჯების შედეგია", - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა სახაზინო ობლიგაციების მიმართულებით, მათ შორის, აღსანიშნავია ინფრასტრუქტურის განახლება და ბენჩმარკ ობლიგაციების გამოშვების სისტემატიზაცია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული კაპიტალის ბაზრის სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმირების პროცესში და აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს ასოცირებული წევრი გახდა, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ბაზრის რეპუტაციასა და სანდოობას.

„საქართველოს კაპიტალის ბაზრის სამომავლო წარმატებაში დიდ როლს ითამაშებს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხი, რაც, თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის უნარს. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა გამჭვირვალობისა და კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია სამართლიანი და უფრო მიმზიდველი კაპიტალის ბაზრის შესაქმნელად", - განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ცნობით, თავის გამოსვლაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისაუბრა ბოლო პერიოდში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ანგარიშგებების ინფრასტრუქტურის დახვეწისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით შეიმუშავა.

„მომავალი წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, „ერთი ფანჯრის პრინციპი" ამოქმედდება. აღნიშნული პროექტის შედეგად, ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის გამარტივდება ანგარიშგების წარდგენის, გასაჯაროებისა და ადმინისტრირების პროცესი, რაც თავისთავად პროცესის ეფექტიანობის ზრდას განაპირობებს. ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ემიტენტების შესახებ ფინანსური და სხვა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, არსებული თუ პოტენციური ინვესტორებისთვის", - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, კონკურსში მონაწილეობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულმა 16 კომპანიამ მიიღო.

„გამარჯვებული კომპანიები კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ნომინაციაში სს „თიბისი ბანკმა" გაიმარჯვა, ხოლო მსხვილი არაფინანსური ინსტიტუტების კატეგორიაში - სს "თელასმა". მცირე კომპანიებიდან გამარჯვება წილად ხვდა შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანიას", საპატიო ჯილდოს მფლობელი კი სს „კრისტალი" გახდა.

დაჯიდლოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნესის, ფინანსური ინსტიტუტების, მსხვილი კორპორაციების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, დარგობრივი ასოციაციების და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.