ნათია თურნავას განცხადებით, „ანაკლიის კონსორციუმისთვის" ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება „ყოვლად მიზანშეუწონელია, რადგან პორტის პროექტი ისედაც დაგვიანდა“

ჩემი აზრით, გადავადება ყოვლად მიზანშეუწონელია, ანაკლიის პორტის პროექტი ისედაც საკმაოდ დაგვიანდა, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ინტერპრესნიუსის" კითხვას, განიხილება თუ არა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება.

მინისტრის თქმით, ბოლო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და მაღალი მოლოდინი, რომ ამ ვადაში კონსორციუმი ვალდებულებებს შეასრულებს არ აქვს.

„არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა, რა თქმა უნდა, მაღალი მოლოდინი არ გაგვაჩნია. პირველადი შეთანხმების თანახმად, 2020 წელს უკვე მოქმედი ღრმაწყლოვანი პორტი უნდა გვქონოდა. ეკონომიკა ისედაც საკმაოდ დაზარალდა, რომ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი. მე ვერ ვხედავ მეტად გადავადების პერსპექტივას", -აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადა 31 დეკემბერს ეწურება.