„რატომ გავხდი უანგარო დონორი…“

როდესაც ინტერნეტსივრცეში ვხვდებით მოწოდებებს უანგარო დონორად გახდომის შესახებ, ხშირად ჩნდება კითხვა - რატომ უნდა გავხდე უანგარო დონორი? თუ გავეცნობით უანგარო დონორების ისტორიებს, მათი მოტივაცია და მიზანი ჩვენს ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

თამარი, 40 წლის: „პირველად გავხდი სისხლის უანგარო დონორი. ვთვლი, რომ სულ მცირედით მაინც ვეხმარები ადამიანს. ჩემი მოტივაცია სიცოცხლის გადარჩენაა. პირველად დავფიქრდი იმ ფაქტზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება შემეძლო და აქამდე არ გამიკეთებია. ძალიან გული მწყდება როდესაც ვიაზრებ, რომ 40 წლის ასაკში პირველად გავიღე სისხლი. ყველას ვურჩევ, აუცილებლად გაიღონ სისხლი უანგაროდ. თუ სხვა სიკეთეს ვერაფერს ვაკეთებთ, ამით პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ სიცოცხლის გადარჩენაში. მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურა ძალიან მარტივი აღმოჩნდა, საკმაოდ უსაფრთხო და უმტკივნეულო.

მარიამი, 22 წლის: „სისხლის უანგარო დონორი უკვე მეოთხედ ვარ. პირველი ორი დონაციით, ვიცი ვინც გადავარჩინე და ამ ფაქტმა საოცარი მოტივაცია მომცა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთია გზაა სხვას დაეხმარო და ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შეუნარჩუნო, ამიტომ ყოველთვის სიამოვნებით ვხდები დონორი. ახლაც და მაშინაც ყველაფერმა კარგად და მარტივად ჩაიარა. ჩემი პირველი დონაცია ზუსტად 4 წლის წინ იყო. ვფიქრობ, ყველა ადამიანმა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწობს სისხლი უანგაროდ უნდა გაიღოს. როდესაც ასეთი შანსი გაქვს, რომ ასე მცირე დროში შეგიძლია სხვას სიცოცხლე გადაურჩინო, ამაზე უარი არავინ უნდა თქვას."

გიორგი, 34 წლის: „სისხლი უანგაროდ პირველად გავიღე და საოცარი განცდაა. სიამაყესა და ბედნიერებას ვგრძნობ. ვიცი ამით იმ ადამიანს დავეხმარე, ვისთვისაც ჩემი სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი მოტივაციაა დავეხმარო სხვა ადამიანს, ამიტომ სისხლის უანგარო დონორი, აუცილებლად კიდევ გავხდები. პირველი დონაცია ყოველთვის ემოციურია, მაგრამ ძალიან მარტივად დავძლიე. ეს საკითხი ელემენტარულია იმ მიზანთან შედარებით, რისთვისაც გავცემთ სისხლს. მას, კი ვინც ჯერ არასდროს ყოფილა დონორი ვეტყვი, რომ აუცილებლად გაიღოს სისხლი უანგაროდ და დაეხმაროს ადამიანებს სიცოცხლის შენარჩუნებაში.“

ანრი, 19 წლის: "სისხლის უანგარო დონორი უკვე მეხუთედ ვარ. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სახიფათო არ იყო. ვფიქრობ, რომ სისხლის უანგარო დონაცია არის ის, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს. 250-450 მილიგრამი სისხლი ჩვენთვის არაფერია და ამ უმნიშვნელო რაოდენობამ შეიძლება მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს - შეუნარჩუნოს ადამიანს სიცოცხლე. მინდა რომ დავეხმარო სხვებს. გეტყვით, რომ საშიში არაფერია. ის ფაქტორი, რომ ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენ, ყველა დაბრკოლებას გადაგვალახინებს. პროცესი საკმაოდ უმტკივნეულოა და გირჩევთ, რომ აჯობოთ საკუთარ თავს და გახდეთ გმირი - გახდეთ სისხლის უანაგარო დონორი!"

ალექსანდრე, 18 წლის: “სისხლი პირველად გავიღე. არ მოველოდი, მაგრამ დონაციის დროს მეცინებოდა და მეღუტუნებოდა კიდეც! არანაირი შიშის ფაქტორი არ მქონია და არც რაიმე ყოფილა მტკივნეული. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ რაც შეიძლება მალე გაიღეთ სისხლი რათა სხვებს დაეხმაროთ. ჩემი მოტივაციაა ის, რომ ამით სხვებს ვეხმარები, მათ ვისაც სისხლი სჭირდება. დაფიქრდით და “დათმეთ” თქვენი ცხოვრების 15 წუთი - ამ მცირე დროში ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენთ. ამაზე კარგად და შედეგიანად ამ 15 წუთს დროს ვერასდროს დახარჯავთ!

გახდი უანგარო დონორი!

გადაარჩინე სიცოცხლე!