საოჯახო ტიპის საცხოვრებლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ბევრ ქვეყანაში 1950 წლიდან არსებობს. დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დეინსტიტუციონალიზაცია ამ პერიოდისთვის დაიწყო და მას შემდეგ განვითარდა. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და დიდი ბრიტანეთი დღეისთვის უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ინსტიტუციიდან გამოსული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის (ან იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფსიქიკური ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები აქვთ, მაგრამ არ მოხვედრილან ინსტიტუციებში) საოჯახო ტიპის საცხოვრებლების შექმნაში.
როგორ იმართება საოჯახო ტიპის საცხოვრებლების პროგრამები:
რეფორმის დასაწყისში, ძველი საცხოვრებლები, რომლებიც ბევრად უფრო მასშტაბური და ძირითადად მოგებაზე ორიენტირებული იყო, საჭიროებდა კონკრეტულ რეგულაციებს საკვების, მომსახურე პერსონალის და საცხოვრებლის მოწყობის შესახებ. ახალ მოდელებში ასეთ რეგულაციების არსებობა არ არის აუცილებელი. ბენეფიციარები ოჯახური ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობენ, რომლებიც მოწყობილია სტანდატრული (ჩვეულებრივი) საცხოვრებელი პირობების დაცვით და არ საჭიროებს სპეციალურ რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტროსგან.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები საოჯახო ტიპის საცხოვრებლებს სახელმწიფოსთან ხელმოწერილი ხელშეკრულების/მემორანდუმის პირობების მიხედვით მართავენ. აღნიშნული მემორანდუმი ადგენს წესებს საცხოვრებელში მიღების, მომსახურე პერსონალის, მომსახურების სტანდარტებისა და ანგარიშგების შესახებ.
სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება მოსთხოვოს არასამთავრობო ორგანიზაციებს საცხოვრებლების საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით მართვა რაც გულისხმობს: მხარდაჭერილი ან მხარდამჭერი მოდელის გამოყენებას. ამ მოდელების მთავარი არსია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ბენეფიციარების დამოუკიდებელ ცხოვრებას. მაგალითად: მომსახურე პერსონალი არ უმზადებს სადილს მაცხოვრებლებს, მათი მიზანია დაეხმარონ ბენეფიციარებს თავად ისწავლონ სადილის მომზადება. ასეთი ტიპის ხელშეწყობა და არა “მოვლა” მთავარი ფუნდამენტია რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელებისთვის.
საუკეთესო პრაქტიკა და მნიშვნელოვანი გამოცდილება:
შეუძლებელია განსაზღვრო პაციენტის მდგომარეობა ან საოჯახო ტიპის საცხოვრებელში მისი გადაყვანის შესაძლებლობა, როდესაც იგი იმყოფება ინსტიტუციაში. ინსტიტუცია ხელს უწყობს პაციენტების პასიურობას, კარჩაკეტილობას და მომსახურე პერსონალიც ხშირ შემთხვევაში სწორად ვერ აფასებს მათ შესაძლებლობებს. ხშირ შემთხვევაში გაოცებას იწვევს ბენეფიციარების დადებითი ცვლილება ინსტიტუციიდან თემში გადმოყვანის შემდეგ.
არსებობს ორი ტიპის საოჯახო ტიპის საცხოვრებელი: მხარდამჭერი და მხარდაჭერილი. მხარდამჭერი მოდელი, რომელიც ასევე უკვე მოძველებულია, გულისხმობს საოჯახო ტიპის სახლების დაჯგუფებას და მასშტაბითაც საკმაოდ მოცულობითია. მხარდაჭერილი მოდელი კი თანამედროვე მიდგომებით ხასიათდება. საცხოვრებლები მიმოფანტულია და ფუნდამენტი ოჯახურ გარემოზეა დაფუძნებული.
მხარდაჭერილი და მხარდამჭერი სახლების მოდელი მოქნილია, შესაბამისად იცვლება ბენეფიციარების საჭიროებების მიხედვით. იმისთვის, რომ მათ ის მიიღონ რაც სჭირდებათ. მთავარია ადამიანებმა ისწავლონ დამოუკიდებლად ცხოვრება და საკუთარ თავზე ზრუნვა.
ავტორი: ჯონ ტრეინორი