ბიზნესდაჯილდოების ფინალური ცერემონია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტში საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას შესრულებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის წელს მეოთხედ ჩატარდა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდა. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესსკოლას გადაეცა.
მათი ცნობით, „თიბისი ბანკთან“ ერთად გამარჯვებულები დააჯილდოვეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა და ფონდი „ეფსეს“ წარმომადგენელმა ივანე ლეკვთაძემ. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ ფონდი „ეფსე“ და თიბისი ლიზინგი.
გამარჯვებულები კი ნომინაციების მიხედვით ასე გადანაწილდა:
soplidan.ge - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
ონლაინ პლატფორმა www.soplidan.ge მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, მარტივი მეთოდებით სოფლის მეურნეობის 250-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ონალინ შეძენის შესაძლებლობას. ბიზნესი ფერმერებს საშუალებას აძლევს მსოფლიოში არსებული ყველაზე დიდი ბაზრის, ინტერნეტის საშუალებით გაყიდოს პროდუქტი. soplidan.ge-ს მომხმარებელთან განსხვავებული ურთიერთობა აქვს. ის იყო პირველი ონლაინ პლატფორმა, რომელმაც ქართული სოფლის პროდუქტის გაყიდვა ელექტრონული კომერციის საშუალებით დაიწყო. soplidan.ge ერთგვარი ხიდის ფუნქციას ასრულებს ფერმერსა და ქალაქის მაცხოვრებელს შორის და ამარტივებს სოფლის მეურნეობის პროდუქტის, როგორც შეძენას, ისე გაყიდვას. პლატფორმა ფერმერებს შესაძლებლობას სთავაზობს იფიქრონ ბიო წარმოებაზე, აძლევს მათ მიმართულებას, როგორ მიიღონ უფრო ხარისხიანი პროდუქტი და თან ფინანსური სარგებელი. რადგან soplidan.ge მხოლოდ ონლაინ გაყიდვებს ახორციელებს, ცდილობს პროდუქტთან შეხების დეფიციტი მომხმარებელს კომუნიკაციით შეუვსოს - უყვება მომხმარებელს პროდუქტის შექმნის, მისი ფერმერის ისტორიას.
„მიკროგრინი“ - თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის
„მიკროგრინი“ არის პირველი ვერტიკალური ურბანული სათბური კავკასიაში, სადაც მოჰყავთ 20-მდე სახეობის მიკრომწვანილი, რომლითაც ამარაგებენ საქართველოსა და სომხეთის ჰიპერმარკეტებსა და კვების ობიექტებს. მიკროგრინმა დანერგა სრულებით ახალი, თუმცა მარტივი ანაზღაურების სქემა, რომლის მიხედვითაც თითოეული თანამშრომლის ყოველთვიური ანაზღაურება, პირდაპირპროპორციულად მიება კომპანიის ბრუნვას და ყველა თანამშრომელს მიეცა თავისუფალი გრაფიკი. ამ სქემას დაექვემდებარა, როგორც კომპანიის დირექტორი, ასევე, ყველა სხვა დასაქმებული (წარმოების სპეციალისტები, დისტრიბუტორები, დამლაგებლები ა.შ.). ცვლილების შედეგად, ადამიანებმა თავი იგრძნეს არა როგორც დასაქმებულებად, არამედ როგორც მცირე მეწარმეებად. შედეგად კომპანიის გაყიდვები და წარმოება 200% -ით გაიზარდა.
WELY - საუკეთესო ინოვაციების შექმნისთვის
WELY ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მოწინავე შესაძლებლობების მრავალფუნქციურ სენსორებსა და სისტემას, რომლებიც ეხმარება ბიზნესს, როგორც ოპერაციების ავტომატიზაციაში ასევე დროისა და ხარჯის ეკონომიაში. კომპანიის მიზანია ყველა შენობა (იქნება ეს ბიზნეს დაწესებულება, საცხოვრებელი სახლი, ქარხანა, სათბური და სხვ.) გახადოს ენერგოეფექტური და თანამედროვე ციფრული შესაძლებლობებით აღჭურვილი, რაც გულისხმობს WELY-ის სენსორებისა და მოწყობილობების მარტივ ინსტალაციას. შედეგად მომხმარებელი იღებს მასზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ინფორმაციის ანალიზით იღებს ეფექტურ და სწორ გადაწყვეტილებებს თანამშრომლების გარემოს გასაუმჯობესებლად, ქმნის უსაფრთხო, კომფორტულ და გონივრულ სივრცეს.
plasticwatcher.ge - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
მსოფლიოში წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მილიონი ტონა პლასტიკი იწარმოება, ხოლო გადამუშავდება ამ რაოდენობის 9%. საქართველოდან ამ 9 %-ში თავისი წვლილის შეტანას Plastic Watcher ცდილობს. იგი მეორადი პოლიეთილენის ნივთებისგან ქმნის ხელნაკეთ, გადამუშავებული პოლიეთილენის მდგრადი მოდის ნივთებს, რომლებსაც თავადაც ხმარობს, სხვასაც უზიარებს და საქართველოს საზღვრებსაც სცდება. Plastic Watcher – ის მიზანია, ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში წვლილის შეტანა, მათში ქცევის ცვლილების გამოწვევა, პოლიეთილენის და პლასტიკის მოხმარების და გარემოს დანაგვიანების შემთხვევების შემცირებისთვის დაუნდობელი ბრძოლის გაჩაღება. ცირკულარული ეკონომიკის პრიციპი – გააკეთე, გამოიყენე და დააბრუნე არის ის, რაც საფუძვლად უდევს მდგრადი მოდის ნივთების შექმნის ამ კონკრეტულ ძალისხმევას.
Profy - საუკეთესო სტარტაპის შექმისთვის
Profy - ეს არის ოსტატი ღილაკზე თითის ერთი დაჭერით. პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ირჩევს სერვისს და შესასრულებელ სამუშაოს, რის შემდეგაც ალგორითმი მას სთავაზობს სერვისის მიმწოდებლების სიას, სადაც ნაჩვენებია ოსტატის რეიტინგი, წინა დამკვეთის მიერ დატოვებული კომენტარი და სამუშაოს ფასი. Profy ხელმისაწვდომია როგორც ვებზე, ასევე მობილური აპლიკაციის სახით.
წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.