საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, სამინისტრო 3-4 წლიან პერსპექტივაში უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე შეიძლება გადავიდეს.
აბულაძის თქმით, ახალი მოდელი შესაძლებელია გულისხმობდეს გრანტების გაცემისას დიფერენცირებულ მიდგომას, სადაც სხვადასხვა დარგი სხვადასხვა საფასური ეღირება.
როგორც აბულაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სამინისტრო „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს ითხოვს.
კერძოდ, მინისტრის მოადგილის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ 2019 წლის ბოლოს მთავრობის დადგენილებას სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის (2250 ლარი) განსაზღვრასთან დაკავშირებით ვადა გასდის, სამინისტრო დადგენილებას ვადის 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით გახანგრძლივებას ითხოვს.
„2005-2006 სასწავლო წლიდან დადგენილი იყო პროცედურა, სადაც მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს უმაღლესი განათლების საბიუჯეტო დაფინანსების მაქსიამლური ჭერი და ეს არის 2250 ლარი, რომელსაც ებმის სახელმწიფო გრანტიც. ეს ჩანაწერი ფუნქციონირებდა 2018-2019 სასწავლო წლისთვის, თუმცა, რადგანაც გადავდივართ 2020 წელში, უნივერსიტეტები დეკემბერ-იანვარში წარმოადგენენ შესაბამის კითხვარებს თავიანთი საფასურების შესახებ. ცხადია, მნიშვნელოვანია, ეს საფასური დადგენილი იყოს. მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობდით უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის მიღწევებზე დაფუძნებულ დაფინანსებაზე გადასვლის. თუმცა, საბოლოო შევჯერდი - იმისთვის, რომ არ შეიზღუდოს სტუდენტების უფლებები, უნივერსიტეტებს მივცეთ დრო დააკმაყოფილონ კონკრეტული ინდიკატორები, რომელიც შემუშავებულია, ამისთვის საჭიროა დრო. ვფიქრობთ, 3-4 წლიან პერსპექტივაში სრულად გადავალთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელიც შესაძლებელია გულისხმობდეს გრანტების დიფერენცირებულ მიდგომას, სადაც სხვადასხვა დარგი სხვადასხვა საფასური ღირს. თუმცა, ეს თემა არის დასამუშავებელი“, - განაცხადა აბულაძემ.
მისივე თქმით, თუ სწავლის საფასურის მაქსიმალური ოდენობის დამდგენი მთავრობა არ იქნება, უნივერსიტეტს შეეძლება თავად განსაზღვროს საფასური.
„ვითხოვთ ეს ვადა გადაიწიოს 2021-2022 სასწავლო წლამდე, მანამდე 2 წელი გამოვიყენოთ თქვენთან კონსულტაციებით, შევჯერდეთ უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. ამასთან, დავრწმუნდეთ, რომ ერთი მხრივ, უნივერსიტეტებს არ შეექმნებათ პრობლემა დიფერენცირებული დაფინანსების ნაწილში და მეორე მხრივ, უპირველესად, სტუდენტს არ შეექმნება პრობლემა გაძვირებული სწავლის საფასურის თუ სხვადასახვა დიფერენცირებული სისტემების შემოღების დროს. ამიტომ ვითხოვთ, მთავრობის დადგენილების ვადის 2 წლით გახანგრძლივებას, რომ განსაზღვროს სწავლის მაქსიმალური საფასური“, - განაცხადა აბულაძემ.
როგორც აბულაძემ აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილია 11 მილიონი აშშ დოლარი იმისთვის, რომ 4-წლიან პერიოდში უნივერსიტეტები დაფინანსების ახალ მოდელზე გადავიდნენ.