"რეზონანსი" - "ეს სიმახინჯე და სიყალბეა"! - მომავალი წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ვალებით ივსება

2020 წლის ბიუჯეტის 21%-ზე მეტი ნასესხები ფულია. მთავრობა მომავალ წელს 300 მილიონ შიდა და 1 მლრდ 867 მლნ საგარეო ვალს აიღებს. ბიუჯეტი, რომელიც სოციალურია და საარჩევნო პრიორიტეტებს მორგებულია, ფაქტია ეკონომიკის დაფინანსებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და შესაბამისად, ვერც გრძელვადიან სარგებელს მოუტანს ქვეყანას. არადა, სესხები გრძელვადიანია და მისი გადახდაც, მომავალ მთავრობებს და თაობებს მოუწევთ.

როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალი წლიდან წლამდე იმატებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2016-დან 2017 წლამდე ვალის ზრდამ 617 მლნ შეადგინა, 2017-დან 2018-მდე კი - 140. მცირედი კლება დაფიქსირდა 2019 წელს, სამაგიეროდ 2020 წელს მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი. მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით ქვეყანა 1 მლრდ 867 მლნ საგარეო ვალს იღებს, ხოლო რაც შეეხება შიგა ვალს, ის 300 მლნ-ით მოიმატებს. ორივე მიმართულებით კი ქვეყანა დამატებით 851 მლ ლარის ვალდებულებებით იტვირთება.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის შიგნით ნასესხები ფული, გაცილებით მაღალპროცენტიანია, ფინანსთა მინისტრი თვლის, რომ - შიდა ვალის აღებას არ უნდა მოვერიდოთ. ეკონომისტი, პაატა შეშელიძე კი 2020 წლის ბიუჯეტს და გაზრდილ ვალებს კატასტროფას უწოდებს. მისი აზრით, ესაა არა სოციალური, არამედ საარჩევნო ბიუჯეტი, რომელიც ნასესხები ფულით ფინანსდება.

"ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არ არის სოციალური ბიუჯეტი, ეს არის საარჩევნო პრიორიტეტებს მორგებული. ეს რომ მომავალმა თაობამ უნდა გადაიხადოს და ეს საერთოდ არ აინტერესებთ, არ არის ახალი.

სესხის აღება მთავრობის მიერ ნეგატიურ მოვლენად მიმაჩნია. თუ ქვეყანას საკმარისი შემოსავალი არა აქვს, ხარჯი უნდა შეამციროს და ვალი აღარ აიღოს. მით უმეტეს, ეს თანხა აკლდება ბიზნესსექტორს და ხელს უშლის მის განვითარებას. ეს ორი მნიშვნელოვანი მიზეზია, რის გამოც არ ღირს ვალის აღება.

სესხის აღება სინამდვილეში ნიშნავს დღევანდელი პრობლემების მოგვარების მომავალ თაობაზე დაკისრებას. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 30%-დან 45%-მდე, ანუ 15%-ით გაიზარდა. წესით, მთავრობას უნდა შეემცირებინა ვალზე დამოკიდებულება და ამ დროს მოხდა საპირისპირო.

ნებისმიერი ვალი ცუდია, იქნება ის შიდა თუ საგარეო. შიდა ვალის განსაკუთრებული პრობლემა კი არის ის, რაც რატომღაც არც ერთ დისკუსიაში არ არის მთავარი თემა. სესხის ნაწილის აღება ხდება ბანკების საშუალებით, ახალი გამოშვებული ფულით. რაც საბოლოდ აისახება კიდეც ლარის გაუფასურებაზე. ეს სიმახინჯე და სიყალბეა. ზრდის ტემპი და ვალის აღების ფორმა კი ცალსახად, მხოლოდ ერთ შეფასებას იმსახურებს -კატასტროფული!", - განუცხადა "რეზონანსს" პაატა შეშელიძემ.

განვითარებადი ეკონომიკის მქონე საქართველოსთვის ვალის დასაბუთებული აღების პირობებშიც კი, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს იგი "მმართველობითი შესაძლებლობისამებრ" აიღოს. ეკონომიკის დოქტორ რატი აბულაძეს მიაჩნია, რომ ვალის აღებას განაპირობებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საჭიროება, პროგრამების რეალიზების აუცილებლობა, სოციალური მიმართულებების დაფინანსება, ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. სახელმწიფო ვალის აღებას ახდენს კრედიტების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, სასესხო ვალდებულებების სახით.

"ერთი მხრივ, ვალის აღება ობიექტური ფაქტორებითა განპირობებული. აღნიშნულ ობიექტურ ფაქტორებს მიეკუთვნება: ბიუჯეტის შევსების ახალი წყაროების წარმოქმნის ნაკლებობა, მმართველობითი შესაძლებლობები არსებული ზღვარი, გადამხდელთა მცირე ნაკადი, სახელმწიფოს მოწინავე როლი ნაცვლად ბიზნეს სექტორისა, მცირე ეკონომიკა და სუსტი საინვესტიციო აქტივობა.

ამიტომ დროულად უნდა განხორციელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, შემცირდეს სიღარიბე, დახმარება მიეცეს მოსახლეობას, შენარჩუნდეს ფინანსური სტაბილურობა, დაიძლიოს გლობალური გარემოს ზეგავლენა, რადგანაც მმართველობა არსებულ რესურსით პრობლემების გადაჭრას ვერ ახერხებს, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ვალი აკუმულირდება ყოველწლიურად, რაც ბიზნესისა და მოქალაქეების საერთო ვალი ხდება.

საბოლოო ჯამში, განვითარებადი ეკონომიკის მქონე საქართველოსთვის ვალის დასაბუთებული აღების პირობებშიც კი, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს ვალი „მმართველობითი შესაძლებლობისამებრ“ აიღოს. რადგან ქვეყანაში არ იქმნება გადამხდელთა ახალი ნაკადი, ჯეროვნად არ იზრდება ბიზნეს სუბიექტთა რაოდენობა, ვერ ხერხდება საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაცია, ამიტომ თითოეული ლარის აღება საზოგადოების „ვიზირებით“ უნდა მოხდეს”, - განუცხადა "რეზონანსს" აბულაძემ.

თამარ მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"