აზიის განვითარების ბანკი (ADB) 19,5 მილიონი ლარის ინვესტირებას ახორციელებს სს „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაში.
აზიის განვითარების ბანკის ცნობით, ობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული თანხებისა და კომპანიის შიდა რესურსების მეშვეობით მოხდება „ევექსის ჰოსპიტლები“-ს ვალის ნაწილის რეფინანსირება და კომპანიის საოპერაციო ეფექტურობის, მომსახურების ხარისხისა და მმართველობის ხელშეწყობა.
მათივე ცნობით, ობლიგაციების საერთო მოცულობა 50 მილიონ ლარს შეადგენს. „ევექსის ჰოსპიტლები“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაცხადებული Georgia Healthcare Group PLC-ის სრულ მფლობელობაშია.
ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში შეინ როზენტალი და „ევექსის ჰოსპიტლები“-ს დირექტორი გიორგი მინდიაშვილი, დღეს თბილისში, ხელმოწერის ცერემონიაზე შეხვდნენ ADB-ის ამ ინვესტიციის გასაფორმებლად.
„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს უნივერსალური ჯანდაცვის პროგრამას და ქვეყნის მოქალაქეებისთვის მომსახურების დონის ამაღლებას. ის ასევე ხაზს უსვამს ADB-ის მიერ საქართველოს კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი კორპორატიული ფასიანი ქაღალდებისა და ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების სფეროში. მოხარულნი ვართ ხელი შევუწყოთ როგორც კაპიტალის ბაზრებს, ასევე ქვეყნის ადამიანურ რესურსებში ინვესტიციას,”-აცხადებს როზენტალი.
ცნობისთვის, ADB საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალმხრივი განვითარების პარტნიორია. დღესდღეობით, საქართველოში ADB-ის სუვერენული და არასუვერენული სესხების პორტფელი 3,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში. 2019 წლის ნოემბერში, ADB-მა 85,05 მილიონი ლარი მოიზიდა ოფშორულ ბაზარზე ლარში დენომინირებული ობლიგაციების პირველადი გამოშვებით.
ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 წევრ ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.