სასტუმრო „თბილისი-მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში - „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი - გზა ფინანსებზე ხელმისაწვდომობიდან ინკლუზიურ ზრდამდე" მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე - „როგორ გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის".
შეხვედრაზე განიხილეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული მდგომარეობა საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ასევე საჯარო პოლიტიკის ინტერვენციები.
"ეს არის ის სექტორი, რომელიც ეკონომიკაში ყველაზე ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერესია, რომ ფინანსური სექტორი მზად იყოს იმისათვის, რომ უფრო და უფრო მეტად შეძლოს ამ სექტორის დაფინანსება. მას შემდეგ, რაც პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები შემოვიღეთ, უკვე ვხედავთ, და მოსალოდნელიც იყო, რომ გარკვეული ფინანსური რესურსების გადანაწილება ხდება ამ ორ სექტორში - კორპორატიულსა და მცირე და საშუალო ბიზნესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
თავის გამოსვლაში კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა 2019 წელს საფინანსო სექტორში განხორციელებულ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე.
ცნობისთვის, დისკუსიაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სამეზობლო ქვეყნების ბანკების განყოფილების უფროსი მერიონ ჰონიკე.
ღონისძიება, რომელსაც ევროკავშირის, კომერციული ბანკების, საფინანსო ინსტიტუტების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ გახსნა.