საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა.
კერძოდ, სებ-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მეხუთე მიმოხილვა დაასრულა. აღნიშნულ პროგრამას საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს სამწლიანი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility (EFF)). ამ მიმოხილვის დასრულებისთანავე საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დაახლოებით 41.4 მილიონი აშშ დოლარი, შედეგად პროგრამის ფარგლებში მთლიანი ჩამორიცხვები დაახლოებით 248.7 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდება.
ამ მიმოხილვის დასრულებისთვის, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ასევე მხედველობაში მიიღო ქვეყნის ხელისუფლების განმარტება შეუსრულებელი კრიტერიუმების შესახებ. კერძოდ: კონსოლიდირებული ბიუჯეტის დეფიციტის მოდიფიცირებულ პარამეტრთან დაკავშირებით და საპარტნიორო ფონდის საკასო დეფიციტთან დაკავშირებით.
სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ასევე დაეთანხმა საქართველოს პროგრამის ერთი წლით გაგრძელებას 2021 წლის 11 აპრილამდე. ამასთან, თანხის ჩამორიცხვის გრაფიკი შეიცვლება შესაბამისად. საქართველოს პროგრამა, მთლიანობაში 210.4 მილიონ ეს-დე-ერს (საქართველოს ქვოტის 100 პროცენტს) მოცულობით, სსფ-ს აღამსრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 12 აპრილს დაამტკიცა.
აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომის დასასრულს ბატონმა ტაო ჟანგმა, სსფ-ს მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, განაცხადა შემდეგი: "საქართველოს ეკონომიკამ ნეგატიური შოკების მიმართ მედეგობა გვაჩვენა: მყარი ზრდით და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით. თუმცა, ეკონომიკის მიმართ არსებული რისკების ბალანსი ცალსახად ნეგატიურია: საშინაო პოლიტიკური და საგარეო ვითარების გაურკვევლობა შეიძლება ინვესტიციებზე აისახოს, რაც შეამცირებს საშუალოვადიან ზრდის პერსპექტივას.
ბოლო ხანს დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი განაპირობა როგორც დროებითმა ფაქტორებმა, ასევე ლარის გაუფასურებამ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის მოლოდინის მოსათოკად და 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელთან დასაახლოვებლად. გაცვლითი კურსის მოქნილობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, ვინაიდან ეკონომიკაზე შოკის გავლენას არბილებს. სავალუტო ბაზარზე ჩარევა უნდა მოხდეს მხოლოდ ზედმეტი რყევების შესამსუბუქებლად ან რეზერვების ზრდის მიზნით.
2020 წლის ბიუჯეტის გავლენა ეკონომიკაზე ნეიტრალურია, რაც მართებულია. ამავე დროს, იზრდება ხარჯი განათლებაზე და სოციალურ დახმარებაზე. აუცილებელია გაგრძელდეს ფრთხილი დამოკიდებულება ფისკალური რისკების მიმართ, რაც ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან და სახელმწიფო საწარმოების საქმიანობიდან შეიძლება წარმოიშვას.ეს შესაძლებელს გახდის ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში და ადამიანურ კაპიტალში, ვალის მდგრადობის შენარჩუნების პარალელურად. ახალმა, მდგრადმა წესმა პენსიების ინდექსირების შესახებ უნდა უზრუნველყოს პენსიონერთა შემოსავლის დაცვას ინფლაციისგან ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას ბიუჯეტის მოქნილობას და სამომავლოდ დარჩეს რესურსი სხვა, უკეთესად ტარგეტირებული სოციალური დახმარებისთვის.
საფინანსო სექტორის და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკას შოკების მიმართ უფრო მედეგს გახდის და შეინარჩუნებს ეკონომიკის მაღალ და მეტად ინკლუზიურ ზრდას საშუალოვადიან პერიოდში. სსფ-ს პროგრამის გაგრძელება მოეხმარება ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკის დისციპლინის შენარჩუნებაში და რეფორმების განხორციელებაში.
სტრუქტურული და საფინანსო სფეროს რეფორმების გაგრძელება ეკონომიკას უფრო მედეგს გახდის შოკების მიმართ და მაღალ და მეტად ინკლუზიურ საშუალოვადიან ზრდას შეუწყობს ხელს. საგანმანათლებლო რეფორმის ეფექტური და დროული განხორციელება აამაღლებს სამუშაო ძალის უნარ-ჩვევებს, რაც ასევე ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს საშუალოვადიან პერიოდში.
ახალი კანონმდებლობა ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს და გადახდისუუნარობის წესის შესახებ გააძლიერებს ფინანსურ მდგრადობას და გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოს. დაგროვებითი საპენსიო რეფორმის სრული ამუშავება, მათ შორის ვრცელი საინვესტიციო სტრატეგიის მიღება, ინვესტიციების განსახორციელებლად საჭირო დანაზოგების მობილიზებას დაეხმარება, რაც ხანდაზმულთათვის დამატებითი უსაფრთხოების ბადეს შექმნის",”-აღნიშნა ტაო ჟანგმა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.