სამომხმარებლო ფასების ზრდა არის საკმაოდ მტკივნეული და ჩვენი პრიორიტეტი იყო ნეგატიური ტენდენცია გადაგვეტეხა, ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მომავალი წლიდან ინფლაცია კლებას დაიწყებს.
„ჩვენ ყველანი ვხედავთ მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ეროვნული ბანკის კოორდინირებულ მუშაობის დადებით შედეგებს. ბოლო გადაწყვეტილებები რაც ეროვნულმა ბაკმა მიიღო მონეტარული განაკვეთის გამკაცრების მიმართულებით, ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტის მყიდველუნარიანობა ამაღლდეს და ეს პროცესი გაგრძლედება. რაც მთავარია, გამოწვევას წარმოადგენდა ინფლაცია, რომელიც უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნორმალური, მოსალოდნელი დაგეგმილი მაჩვენებელი. სამომხმარებლო ფასების ზრდა არის საკმაოდ მტკივნეული და ჩვენი პრიორიტეტი იყო ნეგატიური ტენდენცია გადაგვეტეხა და ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას. ამ კუთხით, ეს პრობლემა არის წელში გადატეხილი და აღარ იარსებებს", - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ასევე იგეგმება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია, თუმცა, თურნავამ დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
"რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯს, რომელიც შეეხება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაციას, რაც მიუხედავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა, ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ზრდის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას, ჩვენ შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკური გუნდი და პირველ რიგში ეროვნული ბანკი მუშაობს წინადადებებზე. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზაცია იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი. ახლა არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, რადგან სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული, მაგრამ ძალინ მალე დასრულდება. მე როგორც ეკონომიკის მინისტრი, მომხრე ვარ გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, რადგან მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი. ჩვენ, ერთი მხრივ, აქტიურად ვმუშაობთ პრივატიზაციაზე. თქვენ ხედავთ ამის პოზიტიურ შედეგებს. პირველ ორ კვირაში როგორი დიდი ინტერესი დაფიქსირდა საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ, სახელმწიფო ქონების გასაყიდად გამოცხადებული 100 აუქციონის პროექტის ფარგლებში. ეს ინტერესი გრძელდება.
ჩვენ გვინდა უფრო მეტი თავისუფალი რესური გაჩნდეს ეკონომიკაში, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ მაღალი ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობა. ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა მეტი ინვესტიცია განახორციელონ, მეტი სამუშაო ადგილი შექმნან და მეტი შემოსავალი მიიღონ, მაგრამ, ეს ყოველთვის უნდა იყოს დაბალანსებული მონეტარულ პოლიტიკასთან, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ დაბალი ინფლაცია და ჩვენი ეროვნული ვალუტის მსყიდველუნარიანობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.