ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შეტანილი სიახლეები, რომლებიც დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა, მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიკროგრანტების კომპონენტსაც ითვალისწინებს.
„შეღავათები შემოგვაქვს მაღალმთიანი რეგიონებისთვის და მიკროგრანტების კომპონენტი ითვალისწინებს გარკვეულ მცირე, მაგრამ მაინც თანადაფინანსებას. მაღალმთიან რეგიონებში ადამიანებისგან ორჯერ უფრო ნაკლები თანადაფინანსება იქნება მოთხოვნილი, ვიდრე სხვა რეგიონებში“, - განმარტა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, მინისტრის თქმით, მთლიანობაში, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ყველა თავისი კომპონენტით - იქნება ეს სესხის პროცენტის თანადაფინანსება, ლიზინგის თანადაფინანსება თუ მიკროგრანტების მიწოდება, მოსახლეობისთვის არის ორიენტირებული ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეობაზე.
„რეგიონებში, სადაც განსაკუთრებით გვინდა, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, პროგრამა ორიენტირებულია ექსპორტის წახალისებაზე, ჩვენი, ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდის ამაღლებაზე“, - აღნიშნა თურნავამ.
ცნობისთვის, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის კომპონენტში 2015-2018 წლებში მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია. ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.