პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ასევე დავამატეთ ბალნეოლოგიური კურირტების კომპონენტი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან მდიდარია ისეთი ადგილებით, სადაც ბალნეოლოგიური ტიპის ტურიზმი შეიძლება განვითარდეს.
„ამ ეტაპზე 20 ლოკაცია გვაქვს შერჩეული და მოგვიანებით, უფრო დაზუსტებით მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე, თუ რა პერსპექტივა გააჩნიათ. მაგრამ ხაზგასმით გეტყვით, რომ ამ მიმართულებას და აქ თანხების დაბანდების მსურველ ბიზნესს მხარში დავუდგებით „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბალნეოლოგიური კურორტების კომპონენტში სესხის თანადაფინანსების ლიმიტი არასაერთაშორისო ბრენდის ობიექტებზე 200,000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე, საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში კი - 6 მლნ ლარამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბალნეოლოგიური კურორტებზე სასტუმროს აშენებისთვის სესხის თანადაფინანსების ლიმიტი 1 მლნ ლარითაა გაზრდილი.