ახალი წლისა და ზამთრის გაგონებაზე პირველ რიგში რა გახსენდებათ? თქვენი არ ვიცი და მე პირველ რიგში რაც თვალწინ მიდგება, საშობაო-საახალწლო ღია ბარათებია - დათოვლილი პეიზაჟი, სახლი, რომლის საკვამურიდან ბოლი ამოდის, მწვანე ნაძვები ტოტებზე თოვლით და სიმშვიდისა და ბედნიერების აუხსნელი, სასიამოვნო განცდა.
მსგავს, საახალწლო ღია ბარათში „მოხვედრის“ სურვილი ალბათ, ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია ბავშვობაში და მერეც, როცა უკვე დიდი ხარ და ზამთართან დაკავშირებულ გეგმებს ადგენ.
არადა, ასეთი პეიზაჟები ნამდვილად არსებობს და სადმე შორს კი არა, აქვე, საქართველოში, აჭარაში, რომელიც ახლა უკვე არა მხოლოდ ზღვასთან და ზაფხულთან, არამედ თოვლიან ზამთართანაც ასოცირდება. საჭიროა მხოლოდ თბილი ტანსაცმელი ჩაალაგოთ და ბათუმიდან აჭარის მთებისკენ გაუდგეთ გზას.
კურორტ გოდერძიზე გიამბობთ და თავად გადაწყვიტეთ.
გოდერძი ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2350 მეტრზე მდებარეობს.
თოვლით დაფარული მინდვრები, წიწვოვანი ტყეები, თხილამურები, საბაგირო გზა და ალპური მთებიდან მონაბერი, სუფთა, ცინცხალი ჰაერი. იქნებ მთელი წელი ამაზე ოცნებობდით?
მოთხილამურებისთვის გოდერძი იდეალური ადგილია. სასრიალო გზების საერთო სიგრძე აქ 8 კილომეტრს შეადგენს. თუ გაუკვალავ თოვლში სრიალი გიყვართ, ამის შესაძლებლობა გექნებათ. თუ ახალბედა ხართ - ადგილზევე, სპორტულ სკოლაში, რომელიც წელს იხსნება, შეგიძლიათ ნახოთ ინსტრუქტორი და ზამთრის მოგზაურობას დაუვიწყარი შთაბეჭდილება შეჰმატოთ - თხილამურებით სრიალი გოდერძიზე. აქვეა შესაძლებელი თხილამურის, ციგისა და სნოუბორდის დაქირავება.
ეს ხედი არასოდეს დაგავიწყდებათ.
ვისთვის არის გოდერძი? - შეიძლება ითქვას, ყველასთვის, ვისაც ზამთარში თოვლიანი პეიზაჟებით ტკობა, სუფთა ჰაერის ღრმად ჩასუნთქვა და საღამოობით კარგად გართობა, ცხელი გლინტვეინის წრუპვა ან თბილი ოთახის ფანჯრიდან ციდან ჩამოცვენილი მსხვილი ფიფქების ცქერა უყვარს, ანუ ოჯახებისთვის, მეგობრების, შეყვარებულებისთვის, შენთვის, ჩემთვის...
წლევანდელ სეზონზე, ყოველ საღამოს, გოდერძიზე მუსიკალური საღამოები გაიმართება, სადაც მოწვეული დიჯეები დაუკრავენ. კარგი მუსიკა და ცეკვა არასდროსაა ზედმეტი და დასვენებისას ყველას გვჭირდება.
კურორტზე სასტუმროც არის და კოტეჯებიც, არჩევანი თქვენზეა. სასტუმროში ორადგილიანი ნომერი დღეში 100 ლარი ღირს; ლუქსი - 160 ლარი; ექვსადგილიანი ნომრის ფასი კი 180 ლარია.
უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და ფოტომასალას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ - კურორტი გოდერძი
რაც შეეხება კოტეჯებს, ორადგილიანი ნომრის ფასი აქ 220 ლარია, ოთხადგილიანი ნომერი 300 ლარი ღირს, ექვსადგილიანი კი - 360 ლარი.
უფრო იაფი შეიძლება დაგიჯდეთ ზამთრის არდადეგები, თუკი გოდერძიდან სულ რაღაც 3-5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ დანისპარაულში დარჩებით, საოჯახო სასტუმროში. ამ ულამაზეს სოფელში მინიმუმ 10 საოჯახო სასტუმროა, სადაც ერთი დღე-ღამე ერთი ადამიანისთვის 30 ლარი ღირს კვების გარეშე. თუმცა ყველას აქვს ნომრებთან ახლოს სამზარეულო, სადაც თავადაც შეგიძლიათ მოიმზადოთ კერძები. დღეში ორჯერადი კვებით კი საოჯახო სასტუმროში 40-50 ლარად დარჩებით.
საკვები ცალკე აღნიშვნას იმსახურებს. ყველა პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთაა და მთიანი აჭარის სამზარეულოს ორ მთავარ ინგრედიენტს - ყველსა და კარაქს აქ სრულიად სხვა გემო აქვს. ჰო, არ დაგავიწყდეთ კაიმაღის დაგემოვნება, კალორიებმა არ შეგაშინოთ, მთაში ენერგია ნამდვილად გჭირდებათ. თუ ევროპულ სამზარეულოს ანიჭებთ უპირატესობას, თქვენი ნებაა. გოდერძიზე წელს იქნება „ბარბიქიუ ბარი“, რომელიც „სქაი ლაუნჯის“ ნაწილია და სტუმრებს ქართულთან ერთად ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებაც შეეძლებათ.
გაითვალისწინეთ, უშუალოდ გოდერძიზე მაღაზია არ არის, თუმცა პროდუქტების შეძენას ახლოს მდებარე სოფლებსა და ხულოს ცენტრში შეძლებთ.
რას იტყვით ასეთ შემოთავაზებებზე? გსურთ აჭარის ზამთრის ზღაპარში მოგზაურობა? და თუ მაინც საახალწლოდ მორთული, ფერადი შუქით განათებული ბათუმი გირჩევნიათ, გსურთ ცარიელ პლაჟზე ჩამოჯდეთ, ზღვას უცქიროთ და ტალღებსა და თოლიებს მოუსმინოთ, არჩევანს ნამდვილად ვერ დაგიწუნებთ და შემდეგ სტატიაში მოგიყვებით როგორია ზამთრის, ახალი წლის ბათუმი.
რა გადაწყვიტეთ? ზამთარი უკვე დადგა და ახალ წლამდეც სულ ცოტა დრო რჩება, ნაძვის ხის მორთვისა და ზამთრის არდადეგების დაგეგმვის დროა.