საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სტრატეგია შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების ჩართულობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) აქტიური თანამშრომლობითა და მხარდაჭერით.
სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იყო დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ჩატარდა რამდენიმე საჯარო განხილვა, მათ შორის რეგიონებშიც. საჯარო განხილვებში მონაწილეობას იღებდნენ პრაქტიკოსი ფერმერები, მეწარმეები, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია შეიქმნა არსებული სტრატეგიების ანალიზის, განხორციელებული პროგრამების/ რეფორმების შედეგების და ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინების საფუძველზე. სტრატეგიაში გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები და სექტორული თუ მულტისექტორული განვითარების მიმართულებები, რომლებიც კავშირშია სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებასთან.
უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია მოლაპარაკებების დაწყება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ევროპის სამეზობლო პროგრამის - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV) ფარგლებში, საბიუჯეტო დახმარების გამოყოფის შესახებ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა გამოყენებული იქნება მოლაპარაკებების პროცესში საბიუჯეტო დახმარების ტრანშების ჩამორიცხვის წინაპირობების დასადგენად.