„112“ და „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება და იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“

შს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „112“ და ამავე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი „ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“ ერთიანდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (76 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ორი უწყების გაერთიანებით იქმნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“.

„112“-ის ფუნქციად რჩება საგანგებო სიტუაციების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, დანაშაულის, სამართალდარღვევებისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის მიზნით შეტყობინებების მიღება ერთიანი სატელეფონო ნომრის −112-ის საშუალებით.

აგრეთვე, მის უფლებამოსილებებს ემატება ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის განხორციელება დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, ძებნილი პირებისა და ავტომობილების აღმოჩენის, სამართალდარღვევის დაფიქსირებისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ცვლილების შემდეგ, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს ნაცვლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გასცემს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გახდება აღნიშნულ საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი სუბიექტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ნაცვლად.