„112“-ის მომსახურების საფასური იზრდება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის მომსახურების საფასური 20 თეთრიდან 50 თეთრამდე იქნება. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (76 მომხრე) საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და ასევე, მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები ყოველთვიურად გადაიხდიან „112“-ის მომსახურების საფასურს, რომლის ზუსტი ოდენობაც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.

ცვლილებების მიხედვით, 112-ის მომსახურების საფასური არ შეიძლება იყოს 20 თეთრზე ნაკლები და 50 თეთრზე მეტი. მომსახურების კონკრეტული საფასური, საფასურის გადამხდელი პირების წრე და მათთან დაკავშირებული სხვა საკითხები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ამავდროულად, ცვლილებების შემდეგ, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 112-ის მომსახურების საფასურის ოდენობა ერთნაირი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი დადგენილებით, 112-ის მომსახურების საფასური ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრია, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 50 თეთრი. კანონპროექტის მიხედვით, საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.