ფიზიკური პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ ბაზრის ტერიტორიაზე, სალარო აპარატების გამოყენებისგან 2022 წლამდე თავისუფლდებიან

ფიზიკური პირები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე, სალარო აპარატების გამოყენებისგან 2022 წლამდე თავისუფლდებიან. პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა (77 მომხრე) „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან. სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება არ ეხებათ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან დღგ-ის გადამხდელად.

სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება ბაზრობის ტერიტორიაზე მოვაჭრეებს 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა დაკისრებოდათ, თუმცა როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, ამ ვალდებულების აღნიშნულ ვადაში ამოქმედება გამოიწვევდა მთელ რიგ პრობლემებს, რითაც ძირითადად მოვაჭრეები დაზარალდებოდნენ. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატი გია ჟორჟოლიანია.