ჯინვენტორის პროდუქტი ტენე სტარტაპ ექსპოზე გამოვიდა

ეკომეგობრული, ქართული USB კაბელების მწარმოებელი ტენე ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში სტარტაპ მარკეტზე წარსდგა.

როგორც ტენეს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი აცხადებს, სტარტაპ მარკეტი კომპანიას პოპულარიზაციაში დაეხმარა, პროდუქციის ნაწილი გაიყიდა, თუმცა მთავარი იდეა, ხალხისთვის პროდუქტის გაცნობა იყო.

#ტენექართულად - სწორედ ასე წარსდგა სანდრო ლილუაშვილი სტარტაპმარკეტზე, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეებისთვის წელს უკვე მესამედ გაიმართა. მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს უშუალოდ გააცნეს და მათგან შეფასებები ადგილზე მოისმინეს. „სტარტაპ ექსპოს“ ღონისძიებას კომპანია „ბეთერფლაი“ უკვე მესამე წელია ახორციელებს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო გადაწყვიტეს, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად ექციათ.

ღონისძიებაში მონაწილეობა დამწყებმა და უკვე გამოცდილმა კომპანიებმა მიიღეს და სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მომხმარებლებმა 10 წუთის განმავლობაში ბიზნესისთვის საინტერესო რჩევები მოისმინეს. ღონისძიებას ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე და 10 000-მდე სტუმარი დაესწრო. სტარტაპ მარკეტის სპონსორები და მხარდამჭერები, საქართველოს ბანკი და Glovo იყო.

ტენე - ეს არის ქართული, ეკომეგობრული USB კაბელები, რომლის წარმოება კომპანია „ჯინვენტორმა“ 2017 წელს დაიწყო. მისი შექმნის მთავარი იდეა, საქართველოში არსებული USB კაბელების სისუსტემ გამოიწვია. სწორედ ამიტომ, „ტენე“ მომხმარებელს ქართულ, გამძლე და ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს. თავდაპირველად გამოვიდა წითელი კაბელი, მის გამძლეობაზე გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში. მას მალევე უფრო გამძლე ვერსია, ლურჯი ფერის კაბელი მოყვა და დაერქვა სახელი ტენე. ახლა ტენეს მიზნად აქვს დასახული ეკომეგობრული მწვანე კაბელის გამოშვება, რისთვისაც შემოწირულობას აგროვებს და ყოველ გადმორიცხულ 20 ლარზე საჩუქრად ლურჯ კაბელს გადასცემს მომხმარებელს.

მნიშვნელოვანია, რომ „ტენეს“ USB კაბელებში ჩამონტაჟებულია მიკროსიმი, რომელიც მაღალი ძაბვის შემთხვევაში ტელეფონს დაიცავს და არ დააზიანებს. კაბელს აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერაც. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ USB-ს 1-წლიანი გარანტია მოყვება. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში „ტენე“ მომხმარებელს სრულიად ახალ კაბელს გადასცემს. USB-ს აქვს დამცავი ნაწილი, რაც მას დაზიანებისა და გაწყვეტისგან იცავს.

სახელწოდება „ტენე“ დატენვასა და შეერთებას ნიშნავს, ასევე როგორც დამრტყმელი ძალა ისე განიმარტება. USB კაბელის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მისი გაფუჭების ალბათობა კი მინიმუმამდეა დაყვანილი.

(R)