ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 24 უკვე გაიყიდა

ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან მთელი საქართველოს მასშტაბით 24 უკვე გაიყიდა. გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 40 მლნ ლარს გადააჭარბა. ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში სააგენტომ კერძო სექტორს 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით ნოემბრის ბოლოს წარუდგინა.

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას და მოიცავს თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.

აღნიშნული კამპანიისთვის სპეციალურად შემუშავდა ციფრული ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილია ყველა საინვესტიციო პაკეტი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა ეწვიოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონს და ჩაერთოს ვაჭრობაში. აღნიშნულ პლატფორმას მუდმივად დაემატება ახალი საინვესტიციო შეთავაზებები.

კამპანიის დაწყებიდან თითქმის 3 კვირაში უკვე გაიყიდა 24 ქონება, სულ 40 026 200 ლარად. მათ შორის, 7 510 000 ლარად მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია, 10 005 000 ლარად - თბილისში, ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა ნაგებობა და მიწის ნაკვეთი, 3 703 000 ლარად ბათუმში, ტბეთის ქუჩაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ა.შ. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე იაფად - 10 500 ლარად გასხვისდა გურჯაანში 786 კმ.მეტრის მიწის ნაკვეთი.

ისევ გასაყიდი დარჩა თბილისში, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფო, რომლის საწყისი ფასი, წინა აუქციონებისგან შედარებით 15 მლნ ლარით იყო შემცირებული და 35 მლნ ლარს შეადგენდა.

ელზა წიკლაური