მცირე მარნების ღვინოები უმეტესწილად ახალგაზრდაა. ბევრი მიზეზის გამო მეღვინეებს დაძველებამდე ეწურებათ მარაგები. თუმცა, რეალურად ღვინო რამდენიმეწლიანი დაძველების შემდეგ უნდა გამოდიოდეს გასაყიდად. ღვინის დაძველების მსურველი ბევრია საქართველოშიც, თუმცა ამის გაკეთებას ცოტა თუ ახერხებს. პირველი - გარემო პირობების, მეორე - წესების არცოდნის გამო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში ღვინოს ვერ დააძველებთ, ამის შესაძლებლობას „g.Vino“ ბარი საკუთარ სტუმრებს უკვე სთავაზობს.
„ღვინის ბანკი“ - ასე ეწოდება ღვინის სარდაფს, რომელიც „g.Vino“ ბარმა საკუთარი სტუმრებისთვის გახსნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ნებისმიერ მსურველს, რომელიც ღვინის ბარში შეიძენს ღვინოს, შეეძლება 1 წლის განმავლობაში შეინახონ საკუთარი ღვინო. „ღვინის ბანკში“ ღვინის შენახვა უფასოა ბარის სტუმრებისთვის. საცავი ბარის ტერიტორიაზეა და ერთდროულად 700-მდე ბოთლის განთავსება შეიძლება. ამის გათვალისწინებით ერთ მსურველს 2 ბოთლის შენახვა შეეძლება თავის ან მისთვის ძვირფასი ადამიანის სახელზე, რათა რაც შეიძლება მეტმა მოახერხოს ამ სერვისით სარგებლობა.
„ღვინის ბანკის“ პროექტი სულ ახლახანს დავიწყეთ. ეს არის ჩვენსავე ბარში განთავსებული პატარა მოცულობის ღვინის საცავი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ნებისმიერი სახის ღვინო, რასაც ჩვენთან შეიძენენ, ჩვენთანვე დატოვონ და დაავარგონ. მათი ღვინო დაცული იქნება და შენახული სათანადო პირობებში“, - განაცხადა g.Vino“ ბარის მენეჯერმა გურამ მაისურაძემ.
კითხვაზე, თუ რატომ უნდა შეინახონ ადამიანებმა ღვინო „ღვინის ბანკში“ და არა საკუთარ სახლში, გურამ მაისურაძე ასე პასუხობს: „მართალია, ყველას შეუძლია ღვინის შენახვა და დაძველება, მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება. აუცილებელია ადგილის სწორად შერჩევა, სასურველია მარანი ან სარდაფი იყოს, სადაც გამავალი ჰაერია, არ არის ნესტი. ამის გაკეთება სახლის პირობებში უფრო რთულია, თანაც თბილისში. სახლში ნატურალურ ღვინოს ძალიან უჭირს დაძველება. ჩვენთან ეს ყველაფერი მოწესრიგებულია“, - განაცხადა მაისურაძემ.
„ღვინის დაძველება ჩვენს „ღვინის ბანკში“ უფასოა. ეს არის ჩვენი პატივისცემა ყურძნის, ღვინის და ჩვენი სტუმრების მიმართ. ჩვენი მოვალეობაა, რომ შევინახოთ, დავუძველოთ და რაღაც პერიოდის შემდგომ განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს“, - განაცხადა გურამ მაისურაძემ.
ცნობისათვის, „g.Vino“ ბარი 2015 წელს გაიხსნა, ორიენტირებულია ნატურალ ღვინოებზე და ქმნის მრავალფეროვან გარემოს ახალი ურთიერთობებისა და მეგობრებთან ერთად გართობის მოყვარულთათვის. „g.Vino“ ბარი ცოტა ხნის წინ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანია გახდა.
(NS)