თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით ძირეული და კომპლექსური მიდგომა ჩამოაყალიბეს.
როგორც მინისტრმა საქმიანობის 100 დღის შეჯამების პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 4-ჯერ მეტი დაიხარჯება.
„მთავარი პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, არის თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა. ჩვენ ძირეული და კომპლექსური მიდგომა ჩამოვაყალიბეთ. ამ მიზნით, 2019 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს - 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ეს თვისობრივად გააუმჯობესებს და ნატო-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ჩვენი ინფრასტრუქტურა. ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო ნაწილებში თანამედროვე საცხოვრებელ პირობებში იმსახურებენ ცხოვრებასა და მოღვაწეობას. 2020 წელს მოხდება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს, დახლოებით 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია. ჩვენ ვიზრუნებთ ჯარისკაცებისთვის ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რაც მათთვის ვარჯიშისა და დასვენების ახალ შესაძლებლობას შექმნის. ასევე მომდევნო წლის განმავლობაში ჩვენ მოვასწრიგებთ სამხედრო ბაზების ფუნქციონირებისთვის ძალზედ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც წლების განმავლობაში იყო მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევად რჩებოდა”, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, სამინისტროში ამოქმედდა ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თავდაცვის ძალებში ნატო-სთან თავსებადი მოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე.
“ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ძალიან მნიშნველოვანი იყო ნატო-ს და ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტის შემოღება და სწორედ ამიტომაც სამინისტროში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისგმებელი იქნება თავდაცვის ძალებში ნატოსთან თავსებადი მოდიფიკაციის და სტანდარტიზაციის სისტემის განვითარებაზე და უზრუნველყოფს როგორც ინფრასტრუქტურის, შესაბამისი აღჭურვილობის, მარაგების, საკვების, ტანისამოსის, შეიარაღების და საბრძოლო მასალების სტანდარტიზაციას, მოდიფიკაციას, ასევე განახორციელებს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობას და სხვა ტიპის მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების კონტროლს”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.