ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2020 წლიდან ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას გეგმავენ და შემოტანილი პროდუქტის ხარისხი განსაკუთრებით გამკაცრდება

თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წლიდან ჯარი პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგდება.

როგორც ღარიბაშვილმა საქმიანობის 100 დღის შეჯამების პრეზენტაციაზე განაცხადა, განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი.

„მოკლე პერიოდში სამხედროებზე ზრუნვის კუთხით ჩვენ საგრძნობლად გავაუმჯობესეთ კვების მიმართულება, პირველი ნოემბრიდან კვების ახალ სტანდარტზე გადავიყვანეთ მთელი ჯარი და ამჟამად მთელი ჯარი სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განსაზღვრული რაციონით იკვებება, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს თავდაცვის ძალებში საკვების რაოდენობისა და ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ასევე 2020 წლიდან ვგეგმავთ პირველი კატეგორიის ხორცის ნაცვლად უმაღლესი კატეგორიის ხორცით მომარაგებას ჩვენი ჯარის და ზოგადად გეტყვით, რომ განსაკუთრებით გამკაცრდება შემოტანილი პროდუქტის ხარისხი, ამას პირადად ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევ მე. ქართული ჯარი საუკეთესო პროდუქტით უნდა იკვებებოდეს და ეს იქნება ჩემი მინისტრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.