Facebook-ი საკუთარ კრიპტოვალუტაზე უარის თქმას არ აპირებს

კონსორციუმი Libra Association, რომელიც 20-ზე მეტი კომპანიისგან არის დაკომპლექტებული, არ აპირებს უარი თქვას გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს 2020 წელს კრიპტოვალუტა Libra-ს გამოცემას. აღნიშულის შესახებ კონსორციუმის დირექტორთა საბჭოს წევრმა პატრიკ ელისმა სააგენტო „როიტერს“ განუცხადა.

მისი თქმით, Libra-ს მიმოქცევაში ჩაშვება 2020 წელს არის დაგეგმილი, თუმცა კონკრეტული ვადები დამოკიდებულია მარეგულირებლებთან მოლაპარაკებებზე. „ამ ეტაპზე ზუსტი თარიღი უცნობია. ამასთან, გეტყვით, რომ ამ პროექტში კონსორციუმში შემავალ არცერთ კომპანიას, გარდა Facebook-ისა, ინვესტიცია არ ჩაუდია“, - განაცხადა მან.

როგორც ცნობილია, Facebook-მა საკუთარი კრიპტოვალუტის გეგმის შესახებ ივნისში გამოაცხადა. კომპანიაში მაშინ განაცხადეს, რომ ამ კრიპტოვალუტის შექმნა ისეთივე მარტივი იქნება, როგორც სმს შეტყობინების გაგზავნა ტელეფონიდან. კრიპტოვალუტის ფუნქციონირება მოხდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიით. თუმცა პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატეს ამერიკასა და ევროპაში. მის მიმართ არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა, შედეგად კი კონსორციუმი დატოვეს ცალკეულმა კომპანიებმა, მათ შორის იყო Visa, Mastercard, PayPal და eBay.

კოკა კვირკველია