ტაქსის გამოძახების სერვისს Uber-ს ლონდონის შემდეგ პრობლემა უკვე მთლიანად გერმანიის ტერიტორიაზე შეექმნა. ფრანკპურტის სამხარეო სასამართლოს გადაწყვეტილებით, Uber-ს გერმანიის ტერიტორიაზე საქმიანობა აეკრძალა. არალეგალური საქმიანობის შემთხვევაში კი ის ჯარიმას გადაიხდის.
როგორც ცნობილია, თუ Uber-ი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და გერმანიის ბაზარზე არალეგალურად გააგრძელებს საქმიანობას, ერთი არალეგალური გამოძახების გამო ჯარიმის სახით 250 ევროს გადახდა დაეკისრება. ხოლო ყველა მომდენო არალეგალური ქმედების გამო ჯარიმა გაორმაგდება, მაქსიმალური საჯარიმო გადასახადი 250 ათასი ევრო იქნება.
ევროსასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, როგორც ცნობილია, კომპანიამ შეცვალა მომსახურების პოლიტიკა. თუ ის ადრე მძღოლებს დამოუკიდებლად ასაქმებდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უკვე კერძო კომპანიებთან დებდა ხელშეკრულებას.
მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, გერმანელი მძღოლების თქმით, კომპანია არღვევდა სამართლიანი კონკურენციის წესებს, სწორედ ამის გამო მიმართეს გერმანელმა ტაქსის მძღოლებმა სასამართლოს კომპანია Uber-ის წინაარმდეგ.
Uber-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და აუცილებლად გაასაჩივრებენ მას. სანამ სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს, კომპანია მომხმარებლებს მაინც მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ ფრანკპურტის სასამართლომდე Uber-ს ლიცენზიის გაგრძელებაზე უარი უთხრა ლონდონის სატრანსპორტო სამსახურმა. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში Uber-ს ლიცენზია ჯერ კიდევ 2017 წელს გაუუქმდა. ლონდონის ხელისუფლებამ ამის მიზეზად მაშინ მგზავრთა უსაფრთხოება დაასახელა. Uber-მა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და დროებითი ლიცენზია 2019 წლის 25 ნოემბრამდე მიიღო.
ტაქსის გამოძახების სერვისი Uber-ი ამერიკული კომპანიაა და მსოფლიოს 570 ქალაქში ოპერირებს. თავად ლონდონი Uber- ის ერთ-ერთი მთავარი ბაზარია, სადაც დაახლოებით 45 000 ლიცენზირებული მძღოლი მუშაობს.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ