19 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ქალაქ ფოთში, წალენჯიხაში, წალენჯიხის სოფელ ფახულანში, მუჟავაში, ზუგდიდის რაიონ სოფელ ყულიშკარში, ოდიშში, განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (ჯამში, 44,980 ღერი სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.