განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, არასრულწლოვნებში ონლაინ და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას სამინისტრო კლასგარეშე აქტივობებს, კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების ხელშეწყობას დაუპირისპირებს.
ამის შესახებ ჩხენკელმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.
მისივე განცხადებით, წრეების შექმნის და ხელშეწყობის კუთხით სამინისტროს მუშაობა დაწყებული აქვს.
„ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და რთული საკითხია, ეს არის გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინაშეა. საუკეთესო სტრატეგია ამ გამოწვევის დაძლევის არის კლასგარეშე აქტივობების კულტურის და სპორტის მიმართულებით წრეების და ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამა. ამ მიმართულებით დაწყებულია ინტენსიური მუშაობა წრეების შექმნის და ხელშეწყობის კუთხით. ეს ეხება როგორც ხელოვნების მიმართულებას, ასევე მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ სპორტული აქტივობები სკოლებში. სწორედ ამ გზით უნდა დავუპირისპირდეთ ზოგიერთი ბავშვის დამოკიდებულებას აზარტულ და ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრს ონლაინ და აზარტულ თამაშებზე არასრულწლოვნების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით კითხვა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაუსვა. გოგიჩაიშვილი დაინტერესდა, რატომ არ საუბრობს არცერთი მინისტრი აღნიშნულის შესახებ და რა გეგმა აქვს უწყებას პრობლემის მოსაგვარებლად.
„არცერთ მინისტრს თავის გამოსვლაში არ უსაუბრია პრობლემაზე, რომელიც თქვენ თვითონაც იცით, რომ დგას სკოლებში. ეს არის არასრულწლოვნების მასობრივი ჩართულობა ონლაინ აზარტულ თამაშებში, მათი დამოკიდებულების ზრდა და აქედან გამომდინარე პრობლემები. რატომ არასდროს საუბრობთ ამაზე, არ გრძნობთ ამ პრობლემას? თუ არ გაქვთ ინფორმაცია სამინისტროში, რომ სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მოსწავლეები ხდებიან დამოკიდებული ე.წ. აზარტულ თამაშებზე“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.