სებ-მა საქართველოს ინვესტორი ქვეყნები „შავ სიაში“ შეიყვანა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 ქვეყანა ფულის გათეთრების მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში შეიყვანა. ფულის რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განისაზღვრა, საქართველოს ინვესტორი ქვეყნებიც მოხვდნენ, მათ შორის არიან - პანამა, კაიმანის და სეიშელის კუნძულები. სამივე ოფშორული ზონა, საიდანაც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდის. უფრო კონკრეტულად - 2019 წლის მესამე კვარტალში პანამიდან საქართველოში 15,678 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სეიშელის კუნძულებიდან - 1,248 მლნ დოლარის, კაიმანის კუნძულებიდან - 1,891 მლნ დოლარის.

სებ-ის მიერ განსაზღვრული საყურადღებო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
  • ბ) ანგილია;
  • გ) ანტიგუა და ბარბუდა;
  • დ) ბაჰამის თანამეგობრობა;
  • ე) ბოტსვანის რესპუბლიკა;
  • ვ) განას რესპუბლიკა;
  • ზ) დომინიკის თანამეგობრობა;
  • თ) ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ი) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
  • კ) იემენი;
  • ლ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
  • მ) კაიმანის კუნძულები;
  • ნ) კამბოჯას სამეფო;
  • ო) კოლუმბიის რესპუბლიკა;
  • პ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ჟ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
  • რ) პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
  • ს) პანამის რესპუბლიკა;
  • ტ) სეიშელის რესპუბლიკა;
  • უ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
  • ფ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
  • ქ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
  • ღ) ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;
  • ყ) ტუნისის რესპუბლიკა;
  • შ) შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.

შეგახსენებთ, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონი ძალაში 2019 წლის 30 ოქტომბრიდან შევიდა. კანონის მიხედვით, საეჭვო ინვესტიციებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. საზედამხედველო საქმიანობას კი განახორციელებენ - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. ანგარიშვალდებული პირების ჩამონათვალში კი შედიან - ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სალიზინგო კომპანიები, საბროკერო კომპანიები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ლატარიის ორგანიზატორები, ნოტარიუსი და ა.შ.

ელზა წიკლაური