საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 20 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების - შპს „თბილისი ენერჯისა“ და შპს „ტაბას“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.
„სემეკ-ის“ ცნობით, განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, დანაკარგების შემცირებას, მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
„შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ 77 793 402 ლარი შეადგინა. კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას, მრიცხველების გარეთ გამოტანას და ექსპლუატაციისთვის უვარგისი მრიცხველების შეცვლას. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია 2020 წელს 20 958 645 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს - 17 470 548 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 21 129 009 ლარის ინვესტიციას. შპს „თბილისი ენერჯის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 18 235 198 ლარით განისაზღვრა.
შპს „ტაბას“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 201 256 ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 92 484 ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 89 772 ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 15 000 ლარის ინვესტიციას. შპს „ტაბას“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 4000 ლარით განისაზღვრა. კომპანია ბუნებრივ გაზს ანაწილებს სოფელ ტაბახმელაში“,-ნათქვამია ინფორმაციაში.