ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და GIZ-ის ერთობლივი ღონისძიება - „მწვანე ტურიზმი - სუფთა გარემო“ გაიმართა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და GIZ-ის ერთობლივი ღონისძიება- „მწვანე ტურიზმი - სუფთა გარემო“ გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ეკოტურიზმის შესახებ დარგის წარმომადგენლებთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა, საქართველოში გერმანიის საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ ჰაასმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორისა და ტექნიკური პროფესიული განათლების პროგრამების დირექტორმა კატია კამერერმა ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ვიდეო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ტურიზმის სფეროში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

პრეზენტაციის შემდეგ ტურიზმის სექტორში ბუნებრივი რესურსების დაცვისა და მდგრადი გამოყენების შესახებ დისკუსია გაიმართა.

უწყების ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეკოტურიზმის განვითარებისათვის GiZ-თან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს. საუბარია ეკო-ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებაზე.