ეკატერინე მიქაბაძე „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაციას დაესწრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო „სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევის“ პრეზენტაციაში, რომელსაც სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, დიპკორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კვლევის შედეგად შესწავლილ იქნა სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, რეგიონების, სქესის, განათლების მიღწეული დონის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების მიხედვით, ასევე დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა პროფესიული უნარების შეფასება, საწარმოებში არსებული ვაკანსიები და დასაქმების შესაძლებლობები, მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა და სხვ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სამშენებლო ინდუსტრიაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებულთა ცოდნა/უნარები და დამსაქმებლის საჭიროებების კვლევას.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, კვლევა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა.

„კვლევის მიზანია სამშენებლო ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა. მისი გათვალისწინება შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს სამშენებლო ინდუსტრიაში უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას და უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტიანობის გაზრდას,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

კვლევის მეთოდოლოგია და მიღებული შედეგის ანალიზი მოამზადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები, მათ შორის მონაცემთა ბაზის ფორმირება და ინფორმაციის განზოგადება სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა განახორციელა.