ქრთამის აღების ბრალდებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი სპეციალისტი ლ.ლ. დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ლ-მ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეს, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ელექტროშოკის აპარატით უკანონო თევზჭერის მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.