ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის მიმდინარე პროცესზე და დღეისთვის არსებულ შედეგებზე ისაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მასშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა და 100 საინვესტიციო შეთავაზება გავუკეთეთ ბიზნესს. ამ კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია კერძო სექტორში და ამ დროისათვის აუქციონზე გასაყიდად განთავსებულია 150 მლნ ლარზე მეტის ქონება და საინვესტიციო ვალდებულება, რომელიც ახლავს ამ ობიექტებს, სულ მცირე 200 მლნ ლარს შეადგენს (რაც მომავალში 2 000 ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს)“, -განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, პრივატიზების ტემპი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს - აუქციონის გამოცხადებიდან 14 დღეში 26 ობიექტი უკვე გაიყიდა, 30 მლნ ლარის შეთავაზებული ფასის ნაცვლად კი მობილიზებულია 40 მლნ ლარზე მეტი.
„ეს არის მასშტაბური პრივატიზაცია, სახელმწიფო ქონების ეკონომიკაში დაჩქარებული ჩართვა და მის საფუძველზე ახალი საწარმოების, ახალი ბიზნესების ამოქმედება. ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ გააქტიურებულები ვართ. კერძოდ, 2019 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადდა 1800 ელექტრონული ტენდერი (რაც გასული მთელი წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია), პრივატიზებულია 106.0 მლნ ლარის ღირებულების ქონება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, ასევე უკვე ჩატარებული აუქციონებიდან ბიუჯეტში კიდევ 11.5 მლნ ლარი შევა, შედეგად კი წლის ბოლომდე შემოსავლები 100 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მნიშვნელოვანია საინვესტიციო ვალდებულებების ოდენობა, რომელიც ახლავს გასხვისებულ ქონებას და რომელიც 88.4 მლნ ლარის შეადგენს.