„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები"

ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყოს ექსპორტი და ინვესტიციები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ზოგადად ინვესტიციების და მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა წლიდან წლამდე არაერთგვაროვანია და ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში დიდად არის დამოკიდებული ცალკეული მსხვილი პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე. აქედან გამომდინარე, სწორია, თუ ინვესტიციების დინამიკას საშუალოვადიან პერიოდში შევხედავთ. ბოლო 7-წლიან პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოს ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მშპ-თან მიმართებაში რეგიონის ქვეყნებს შორის - ეს არის 7%-ზე მეტი, რაც 3-ჯერ მაღალია ჩვენი რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან შედარებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს არ არის საკმარისი და არ იძლევა თვითკმაყოფილების საფუძველს, რადგან ქვეყანას მეტი უცხოური და ქართული, ახალი ინვესტიცია სჭირდება მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

„ამ თვალსაზრისით, იმედის მომცემია მიმდინარე წლის მე-3 კვარტლის შედეგები, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 14%-ით გაიზარდა და მომავალ წელსაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ეს დადებითი ტენდენცია, მათ შორის რეინვესტიციის კომპონენტში გაგრძელდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.