რეგიონები, სადაც მოქალაქეებს მართვის მოწმობაზე ქულები ამოეწურათ - რამდენ ადამიანს შეუჩერდა დოკუმენტის მოქმედება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემები იმ პირების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას მითითებული საცხოვრებელი ადგილის მითითებით) დააკლდათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მართვის მოწმობის მოქმედების უფლება 125 ადამიანს შეუჩერდა. მათ შორის მისი მოქმედება შეჩერებული აქვს - 117 მოქალაქეს, ხოლო - 8 პირმა გამოცდა ჩააბარა.

აღსანიშნავია, რომ უწყების სტატისტიკის მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ყველაზე მეტ - 61 პირს (რეზიდენტი პირი) დედაქალაქში ამოეწურა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი, სადაც უწყების ცნობით, ქულები 15 პირს (რეზიდენტი) ამოეწურა. მე-3 ადგილზე ამ მხრივ სამეგრელო-ზემო სვანეთი, სადაც დოკუმენტის მოქმედება 8 პირს (რეზიდენტი) შეუჩერდა. მე-4 და მე-5 პოზიციებს კი იმერეთი და სამცხე-ჯავახეთი ინაწილებენ, სადაც ქულები სრულად შესაბამისად, 7 და 6 პირს ამოეწურა.

ამასთან, შს სამინისტროს მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, მართვის მოწმობაზე მინიჭებულ 100 ქულიანი სისტემიდან სხვადასხვა დარღვევის გამო ზოგადად ქულები დაკლებული აქვს ჯამში, 170 249 ადამიანს; ხოლო 1 025 068 პირს სრულად აქვს შენარჩუნებული მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა.

თაია არდოტელი