რა მოგებაზე მუშაობს და როგორია თემურ ჭყონიას „მაკდონალდსის“ შემოსავლები საქართველოში

შპს „თ და კ რესტორნები“, რომელიც „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით საქმიანობს, 2018 წელს ზარალზე აღარ გავიდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანიის ანგარიშგების თანახმად, წმინდა მოგება/(ზარალი) - (1 628 259) ლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის ზარალი სწორედ ამ თანხას შეადგენდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო კომპანიის შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები გასულ წელს.

როგორც 2018 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გაიზარდა. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავალი 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 79 431 171 ლარი, ხოლო 2017 წელს 63 685 685 ლარი იყო. კომპანიის მთლიანი სრული შემოსავალი კი საანგარიშო პერიოდში 6 317 290 ლარი იყო. ცნობისთვის, მთლიანი სრული შემოსავალი არის შემოსავალსა და ხარჯებს შორის არითმეტიკული სხვაობა.

რაც შეეხება მოგებას, 2018 წელს კომპანიის მოგება/(ზარალი) დაბეგვრამდე - 6 606 248 ლარი; მოგების გადასახადი ხარჯი - 288 958 ლარი; წმინდა მოგება/(ზარალი) – 6 317 290 ლარი, იყო. ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 99 905 807 ლარის აქტივები იყო.

ამასთან, როგორც კომპანიის ანგარიშგებაშია ასახული, 2018 წლის მონაცემებით, მომხმარებლებისგან მიღებული ფულადი სახსრები - 93 873 390 ლარს, მომწოდებლებზე და თანამშრომლებზე გადახდილი თანხები კი 78 710 153 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. კომპანია საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდის“ კორპორაციის ფრანჩაიზს. 2018 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარმოდგენილი იყო 14 რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.

რაც შეეხება მფლობელებს, რეესტრის 14 მარტის ამონაწერით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს, რომელიც ამავე დროს გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებს.

თაია არდოტელი