„ტესლამ“ აშშ-ში უფრო მეტი „მოდელ 3“ გაყიდა ვიდრე „ბეემვემ“ რამდენიმე მოდელი ერთად

„ტესლა“ ელექტრომობილებს შორის, ყველაზე პოპულარული ბრენდია. უფრო მეტიც, როგორც ირკვევა, ის უფრო მეტ ელექტრომობილს ჰყიდის, ვიდრე სხვა პოპულარული ბრენდები თავიანთ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. მაგალითად, ამერიკულ კომპანიას იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, უფრო მეტი „მოდელ 3“ აქვს გაყიდული, ვიდრე „ბეემვეს“ რამდენიმე მოდელი ერთად აღებული.

თუმცა „ტესლას“ მონაცემები არაოფიცალურია, რადგან ეს კომპანია თავისი გაყიდვების სტატისტიკას ყოველთვე არ აქვეყნებს და ამ მხრივ, არც მედიის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. კომპანია „ქლინტექნიკას“ მონაცემებით, წლის პირველ 11 თვეში „ტესლას“ 127 836 ცალი „მოდელ 3“ აქვს გაყიდული. ამგვარად, ის ამერიკის ბაზარზე, მეცხრე ყველაზე გაყიდვადი ცალკეული სამგზავრო მოდელია.

უფრო მეტიც, მისი გაყიდვები „ბეემვეს“ მე-2, 3, 4, 5, 6, 7 და მე-8 სერიის მოდელების გაყიდვებს, ერთად აღებულს აღემატება. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების ბაზარზე. ამასთან, გერმანული კომპანიის სტატისტიკა ოფიციალურია.

„ტესლა მოდელ 3-ის“ პოპულარობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ესაა დაბალი საექსპლუატაციო ხარჯი, თავის კლასში საუკეთესო მახასიათებლები და უახლესი ტექნოლოგიები. ბევრი ვარაუდობდა, რომ გაყიდვების თავდაპირველი ბუმის შემდეგ, ამ ელექტომობილზე მოთხოვნა თანდათან დაიკლებდა. მაგრამ ასე არ ხდება. შედარებისთვის, ბავარიული კომპანიის გაყიდვები ამერიკის ბაზარზე, 14.4 პროცენტით არის დაკლებული.

„ტესლა“ აცხადებს, რომ წელს 300-400 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს. ამის მიღწევაში კი ის გარემოება დაეხმარება, რომ კომპანია სულ უფრო მეტ ბაზარზე იწყებს გაყიდვებს.