ელექტრომობილების ელემენტები წლიურად საშუალოდ ტევადობის 2.3%-ს კარგავენ

ავტომობილების პოზიციონირებაზე სპეციალიზებულ კომპანია „ჯეოტაბის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრომობილების ელემენტები წლის განმავლობაში, თავიანთი ტევადობის დაახლოებით 2.3 პროცენტს კარგავენ. ამასთან, ელემენტების დეგრადაციის სიჩქარე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

კვლევის დროს, მთელ მსოფლიოში, 6 300 ელექტრომობილის მონაცემები შეისწავლეს. გამოვლინდა, რომ ელემენტები საშუალოდ ტევადობის 2.3 პროცენტს კარგავენ. „ჯეოტაბის“ მონაცემებით, დეგრადაცია იმდენად ნელა მიმდინარეობს, რომ ელემენტების მუშა მდგომარეობას, საკუთრივ ავტომობილზე მეტხანს ინარჩუნებენ.

კვლევა აჩვენებს, რომ ელემენტების გამძლეობაზე ძლიერ გავლენას ახდენს მათი გაგრილების ტიპი. კერძოდ, თხევადი გაგრილების შემთხვევაში, ელემენტები უფრო მეტხანს ინარჩუნებენ ტევადობას. მაგალითად, „ტესლა მოდელ S-ის“ ელემენტებს გაგრილების თხევადი სისტემა აქვს და ისინი წლიურად ტევადობის დაახლოებით 2.3 პროცენტს კარგავენ. შედარებისთვის, „ნისან ლიფის“ ჰაერით გაგრილებადი ელემენტების ბლოკის წლიური დეგრადაცია 4.2 პროცენტს აღწევს.

„ჯეოტაბის“ კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ელემენტების დეგრადაციის პროცესი არაა წრფივი. მაგალითად, ექსპლუატაციის პირველ წლებში, ეს პროცესი უფრო ნელია, გარკვეული დროის შემდეგ კი ისინი მკვეთრად კარგავენ ტევადობას. „ტესლას“ მფლობელები ასევე აღნიშნავენ, რომ ელემენტების დამუხტვის დროც ცვალებადია.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მფლობელი რაც უფრო ხშირად იყენებს და შესაბამისად, ხშირად მუხტავს თავის ელექტრომობილს, მისი ელემენტები მით უფრო დიდხანს ინარჩუნებენ პირვანდელ თვისებებს. და ცხელ კლიმატურ პირობებში, დეგრადაცია უფრო სწრაფია, ვიდრე გრილი კლიმატის შემთხვევაში. ხშირი სწრაფი დამუხტვაც დეგრადაციას აჩქარებს.